სოციოლოგიის კურსდამთავრებულთა, პროფესორ-მასწავლებელთა, მკვლევართა და სტუდენტთა ერთობლივი
განცხადება
ძალა ერთობაშია!
სოციოლოგიის კურსდამთავრებულთა, პროფესორ მასწავლებელთა, მკვლევართა და სტუდენტთა ერთობლივი
განცხადება
ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი სოციოლოგები, ვეხმიანებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ვგმობთ ხელისუფლების მიერ საკონსტიტუციო ჩარჩოებიდან გასვლას, მშვიდობიანი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ გამოყენებულ ძალადობას, მოქალაქეების დევნას, დაპატიმრებებს, წამებას, დაშინებას და მოვითხოვთ:
ჩატარდეს ახალი სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები!
გათავისუფლდეს ყველა დაკავებული დემონსტრანტი!
ჩვენ მტკიცედ ვეწინააღმდეგებით აკადემიური თავისუფლების და ინტელექტუალური ავტონომიის შეზღუდვის რისკებს და ვაცნობიერებთ, რომ ავტორიტარული რეჟიმების პირობებში სოციოლოგიის არსი დაიკარგება. ასეთ გარემოში სოციოლოგიის დისციპლინის მარგინალიზება, მისი მისიის დამახინჯება და მისი მანიპულაციის იარაღად გამოყენება მოხდება, რაც სერიოზულ რისკებს შეუქმნის საზოგადოებრივ კეთილდღეობას.
საქართველოში 2024 წლის გაზაფხულიდან მომდინარე პროცესები, კერძოდ კი, უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონების ინიციირება, პირდაპირ ეწინააღმდეგება საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირებას, აჩენს საგანმანათლებლო სივრცეების ცენზურის რისკებს, შეუძლებელს ხდის ეთიკის ნორმების დაცვით კვლევის ჩატარებას, თანასწორი და ტოლერანტული საზოგადოების განვითარებას და ყველა ჯგუფისა თუ თემის უფლებების დაცვას.
სახელმწიფო სტრუქტურების არათანმიმდევრული მუშაობის შედეგია ასევე უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრის (EQAR) წევრობის შეჩერება, რაც ართულებს საქართველოში მოპოვებული კვალიფიკაციის საზღვარგარეთ აღიარების პროცესს, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოში განხორციელებული აკრედიტაციის პროცესების ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობას და ამცირებს საქართველოში კურსდამთავრებულთა საერთაშორისო შრომის ბაზარზე კონკურენტუნარიანობას.
სოციოლოგებს მნიშვნელოვანი როლი აქვთ საზოგადოების სოციალური ინსტიტუტების გაანალიზების, განვითარების საუკეთესო მოდელების შეთავაზების, ცვლილებების ხელის შეწყობის კუთხით. თუმცა, ავტორიტარული რეჟიმისთვის სოციოლოგია საფრთხის შემცველი დარგია, ამიტომაც ცდილობს ჩაახშოს კრიტიკული პოზიციები, დაამახინჯოს კვლევის შედეგები ან/და სრულიად შეზღუდოს კრიტიკული კვლევები. მსგავსმა ტენდენციებმა კი უკვე იჩინა თავი საქართველოში. მიმდინარეობს საერთაშორისო დაფინანსებით ოპერირებადი ორგანიზაციების მარგინალიზაცია და დისკრედიტაცია (რიგ შემთხვევებში ფუნქციონირების შეწყვეტაც კი), ოჯახური ღირებულებების „დაცვის“ ეგიდით კონკრეტული კვლევითი თემების ცენზურა, საერთაშორისო თანამშრომლობის შეზღუდვა, რაც სოციოლოგიის პრაქტიკას საფრთხეს უქმნის.
ახალი თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარება ქვეყანას დააბრუნებს საკონსტიტუციო ჩარჩოებში, შეაჩერებს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის პროცესს, სოციოლოგებს კი მოგვცემს შესაძლებლობას, განვახორციელოთ მიუკერძოებელი კვლევები, რომლებიც გამოყენებული იქნება ადამიანის უფლებების, დემოკრატიისა და სამართლიანობის დაცვისა და კეთილდღეობის განვითარებისათვის.
ხელმომწერები
(განახლებადი)